გაზპრომი

თურნავა გაზპრომზე: რა თქმა უნდა, ნატურით ანაზღაურება ჯობდა, თუმცა, ამის საშუალება არ გვქონდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ გაზპრომთან გაფორმებული ძველი კონტრაქტის პირობები ჯობდა, თუმცა, ამის საშუალება საქართველოს არ ჰქონდა. თურნავამ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ "კონკურენციის მიზნით", ძალიან მცირე დოზით კერძო სექტორში რუსული გაზი უნდა იყოს. 

"რა თქმა უნდა, ნატურით მოწოდება ჯობდა, თუმცა, გვქონდა თუ არა ამის საშუალება, ეს კითხვა არის სულ მცირე მიამიტური. გაზპრომი გადავიდა ყველა სახელმწიფოსთან მონეტარულ პოლიტიკაზე, მათ შორის ისეთ მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ რატომღაც ჩვენთვის, თავისი ოკუპირებული ქვეყნისთვის დაუშვებდა გამონაკლისს და ნატურით შეგვინარჩუნებდა, როცა დანარჩენ მსოფლიოსთან არის მონეტარულ გადასახადზეა გადასული" -თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას კითხვაზე, რა მოხდებოდა, ქართული მხარე რომ არ დათანხმებოდა ძველი კონტრაქტის პირობების შეცვლას, ნათია თურნავა პასუხობს, რომ "ეს ძალიან რთულ ვითარებაში ჩაგვაგდებდა" და სულ მცირე ორი მიმართულებით გამოიწვევდა პრობლემებს.

"რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ჩვენს ერთერთ მძიმე ერს, სომხეთს, მათ შორის, შეიძლება შეეწყვიტა კიდეც გაზის მიწოდება და მეორე, ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა საქართველოსაც, იმიტომ, რომ ბალანსისთვის, რუსული გაზის გარკვეული რაოდენობა გამოიყენებოდა ყოველ წელს, ეს არის სუფთა ტექნიკური საკითხი. შეიძლება, საქართველო ამ კუთხით აღმოჩენილიყო რთულ მდგომარეობაში, რადგან ზოგჯერ არის დასაბალანსებლად საჭირო რუსული გაზი... ნატურა რომ ჯობდა მონეტარულ გადასახადს, ეს ცხადია, მაგრამ ჩვენთვის ეს ვერ იქნებოდა" - თქვა თურნავამ.

გიგა ბოკერიამ მას შეახსენა, რომ რუსეთი დიდი ხანია ცდილობდა შეთანხმების შეცვლას, თუმცა, საქართველო არ თანხმდებოდა და ამის გამო რუსეთს გაზის მიწოდება არ შეუწყვიტავს.

"მე არ ვიცი, რა რესურსი გქონდათ თქვენ რუსებთან მოლაპარაკების, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო მთავარი, რომ უსაფრთხოება დაცულიყო იმ თვალსაზრისით, რომ აზერბაიჯანი დარჩენილიყო ძირითად სტრატეგიულ მომწოდებლად. ეს არის დაცული" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის სიტყვებიც შეახსენა, რომელმაც თქვა, რომ გაზპრომთან ხელშეკრულებით "წელს მივიღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი". გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას სთხოვა, პარლამენტისთვის კონტრაქტი ეჩვენებინა, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა.

"არჩილ თალაკვაძისთვის არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას?" - იკითხა ბოკერიამ. ნათია თურნავას თქმით კი, უმრავლესობის ლიდერს კომერციული პირობები არ წარმოუდგენია.

2019 წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაასრულა. მაშინ ნათია თურნავამ თქვა, რომ სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი - შემცირებული. მისი თქმით, ხელშეკრულება ორი წლით გახანგრძლივდა და 2019-2020 წლების განმავლობაში იმოქმედებს.

გაზპრომთან წინა კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. მისი პირობები მაშინაც საიდუმლო იყო, თუმცა, ცნობილია, რომ ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებდა (რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას).

გაზპრომი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2016 წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე გაზპრომის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები