ნანა კოსტავა

საკრებულოს თავმჯდომარე: კოსტავას ვურჩიე, დაეთმო მანდატი, არ ვაპირებ მასთან ერთად მუშაობას

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ ლატარია ამბობს, რომ მან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების წევრს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა ურჩია.

"პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო, დაეტოვებინა მას თანამდებობა და მან თანამდებობა დატოვა, ფრაქციის თავმჯდომარეობა. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატობას, მე ვურჩიე მას, არ დავმალავ, რომ უმჯობესი იქნებოდა, დაეტოვებინა საკრებულო მთლიანობაში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი დეპუტატებს და უმრავლესობას, რომ მას მოვთხოვოთ ან ვაიძულოთ დეპუტატის მანდატის დატოვება" - თქვა ლატარიამ და აღნიშნა, რომ "პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო. შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი".

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. ის ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომაც გარიცხა. თუმცა, ჯერჯერობით, კოსტავა კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად.

ქუთაისის საკრებულოს პიარი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ნანა კოსტავას თქმით, ის დეპუტატის მანდატს ორშაბათს, 3 ივნისს დატოვებს. ნანა კოსტავამ კი ტაბულას ინფორმაცია არც დაუდასტურა და არც უარყო. მისი თქმით, "ორშაბათამდე ჯერ თუ ვიცოცხლე, ისეთ დღეში ჩამაგდეთ", რის შემდეგაც მან სატელეფონო საუბარი გაწყვიტა. 

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც გუშინ. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები