ნანა კოსტავა

"ნანა, წადი" - ქუთაისში ნანა კოსტავას საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

IPN

"ნანა, წადი" - ქუთაისში საკრებულოს ქართული ოცნების წევრის ნანა კოსტავას საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს. მასზე ნანა კოსტავას პოსტებია ამობეჭდილი და აწერია, რომ საჯარო მოსამსახურემ სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, ასევე, გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდან, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად. იმ დღეს, ნანა კოსტავამ თქვა, რომ საკრებულოს "აუცილებლად" დატოვებდა და განცხადებას, სავარაუდოდ, 3 ივნისს დაწერდა. თუმცა, დაანონსებულ 3 ივნისს ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მას "ამომრჩეველმა" გადააფიქრებინა საკრებულოდან წასვლა.

კომენტარები