ნანა კოსტავა

საკრებულოს თავმჯდომარე: შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას თუ ნანა კოსტავა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნანა კოსტავასთან ერთ ფრაქციაში მუშაობას არ აპირებს.

"საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო, გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა და ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, მე არ ვაპირებ, მასთან იმ ფორმატში მუშაობას, როგორც ვმუშაობდი. ამ დღეებში ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, მე დავტოვებ ფრაქციას, თუ ის. დანარჩენი ჰკითხეთ ნანა კოსტავას, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ერთ დღეს და მეორე დღეს ცვლის" - თქვა ლატარიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ნანა კოსტავამ მანდატის დატოვება გადაიფიქრა. კოსტავამ ტელეკომპანია იმედთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ გადაწყვეტილებას "ამომრჩევლის თხოვნის გამო" ცვლის. 

"არავითარი ხელფასი, სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმათ, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ვანერვიულე ასე, იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას, ვიღაცა ნანა კოსტავასთვის ასე რატომ გავანერვიულე, ეს მიკვირს მე.

ახლა მეორე საკითხი - ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონეო. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ" - ამბობს კოსტავა, რომელსაც მანდატი ოფიციალურად დღეს, 3 ივნისს უნდა დაეტოვებინა.

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, ასევე, გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდან, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ თქვა, რომ მან ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა ურჩია. მისივე თქმით, "პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო. შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი". დეპუტატის განცხადებები დაგმო თბილისის მერმაც. ამის შემდეგ, ნანა კოსტავამ თქვა, რომ საკრებულოს "აუცილებლად" დატოვებდა და განცხადებას, სავარაუდოდ, 3 ივნისს დაწერდა.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც 30 მაისს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

კომენტარები