ნანა კოსტავა

ნანა კოსტავა ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

ნანა კოსტავა
რადიო "ძველი ქალაქი"

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავა თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა 31 მაისის სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ვფიქრობ და მიზანშეწონილად მიმაჩნია თქვენი აზრი, დავტოვო დაკავებული თანამდებობა" - თქვა კოსტავამ ფრაქციის სხდომაზე. ის ქუთაისის საკრებულოს და ქართული ოცნება-კონსერვატორების ფრაქციის წევრად კვლავაც რჩება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ. 

ცნობისთვის, წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც გუშინ. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

ნანა კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

თავად ნანა კოსტავამ, ტაბულას კითხვაზე, აპირებდა თუ არა გადადგომას, თქვა, რომ თუ გუნდს დააზარალებს, გადადგება. 

"ჩემ გადაყენებას ძალიან კარგად შევხვდები, იმიტომ რომ მე გუნდური მუშაობის მომხრე ვარ, გუნდური პრინციპების მომხრე ვარ და თუ გუნდს დავაზარალებ მე ჩემი გამონათქვამებით, კიბატონო გადავდგები. პირადად მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ვარ ერის წინაშე მართალი, იმ გოგოს წინაშეც მართალი, უფლის წინაშეც მართალი, თანაგუნდელების წინაშე მართალი მაგრამ დამნაშავე ვარ, ინფორმაცია რომ არ ვიცოდი ბოლომდე",- ამბობს ნანა კოსტავა.  

კომენტარები