ქართული ოცნების ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა ამბობს, რომ დამნაშავე მხოლოდ იმაშია რომ "ბოლომდე ინფორმაციას არ ფლობდა".
როგორც მან ტაბულასთან საუბარში თქვა, ის ღვთის, ერის, თანაგუნდელების და საკუთარი თავის წინაშე მართლია.
"მე ჩემი ფეისბუქი წავშალე იმიტომ რომ ისეთი საშინელი კომენტარები მოდიოდა, უკვე, თუ თქვენ სამართლიანი მედიასაშუალება ხართ, უკვე მე ბულინგის მსხვერპლად ვიქეცი. მაგრამ ვინაიდან პოლიტიკაში ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს. შეხედეთ ახლა რა ხდებოდა, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ზოგადად ჩემს თეოლოგიურ მოსაზრებებზე დროს არ წაგართმევთ და ზოგადად ვებრძვი ამ ელგებეტეების მარშს და არ მივესალმები ბაია პატარაიას და ამ ხალხს ვებრძვი. ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულება არა? მე ასე გავიზარდე, თქვენ ისე გაიზარდეთ და დემოკრატია თუ არის მეც უნდა მქონდეს გამოხატვის საშუალება ხო? გუშინ საღამოს დასვენების მხრივ შევედი ფეისბუქში და ჩემ მეგობარს ჰქონდა გაზიარებული ვიდეო, "აიო ამგებსო ჩაუვარდათ კოვზი ნაცარშიო, ელგებეტე პარადი ვერ მოაწყვესო". ხოდა მის ქვემოთ დავინახე ამ გოგოს სურათი და რა დავწერე ისიც აღარ ვიცი, აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ყველაფერი წავშალე. "ახია შენზე თუ დაცინვა თუ რაღაც იცინეო" და მერე ეს ჩემი თანაგუნდელები დამესხნენ თავს და პატარა გოგოსო შეიძლებაო ასეო? მე თვითონაც შევწუხდი მაგრამ ახლა ხო იცი ადამიანს ქულების დაწერა უნდა, მედიასაშუალებებს მეტი რა უნდათ და აი ასე, გამოიდეს ერთი თავი და იყო აქცია ერთი ამბავი",- ამბობს კოსტავა ტაბულასთან საუბარში.
მისივე თქმით, მედიასაშუალებების ბოიკოტი არ აწუხებს, რადგან "ტელეეთერის ვარსკვლავი არასდროს ყოფილა"
"დამბლოკონ ჩემო კარგო! რა ვქნა, აქამდე მიცხოვრია მათ გარეშე და ტელეეთერის ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს მიზიდავდა მაგ სფერო და ვიქნები ასე ჩემთვის"
მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე გასვლა უნდოდა თუმცა გუნდმა არ გაუშვა "არ გაამწვავო სიტუაციაო და ამიტომ"
კითხვაზე, რას იზამს თუ დაითხოვენ, ან აპირებს თუ არა გადადგომას, კოსტავა ამბობს, რომ თუ გუნდს დააზარალებს, გადადგება.
"ჩემ გადაყენებას ძალიან კარგად შევხვდები, იმიტომ რომ მე გუნდური მუშაობის მომხრე ვარ, გუნდური პრინციპების მომხრე ვარ და თუ გუნდს დავაზარალებ მე ჩემი გამონათქვამებით, კიბატონო გადავდგები. პირადად მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ვარ ერის წინაშე მართალი, იმ გოგოს წინაშეც მართალი, უფლის წინაშეც მართალი, თანაგუნდელების წინაშე მართალი მაგრამ დამნაშავე ვარ ინფორმაცია რომ არ ვიცოდი ბოლომდე",- ამბობს ნანა კოსტავა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დღეს, 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ.
ცნობისთვის, წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც.
2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს.
"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.
ცოტა ხნის წინ, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.
ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კოსტავას მიუღებელ დამოკიდებულებას ემიჯნება.