ქუთაისი

ქუთაისის მერი: ვემიჯნებით ნანა კოსტავას დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საკრებულოს ქართული ოცნების წევრის ნანა კოსტავას განცხადებებს ემიჯნება.

"პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მხრიდან დაწერილ პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია"- წერია ქუთაისის მერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა დღეს, 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. ვიდეოში გოგოს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავამ აღწერაც დაურთო პოსტს: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. 

კოსტავას განცხადებაზე ბოდიში მოიხადა ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ. 

ცნობისთვის, წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 

2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა კოსტავას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

კომენტარები