შინაგან საქმეთა სამინისტროს ცობით, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული კ.მ.
უწყების ცნობით, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. აღნიშნული დანაშაულის შემდგომ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი შ.ყ. გარდაიცვალა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





