სექსუალური შევიწროება

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბსუ-მ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა

facebook.com/omar.makharadze

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორ ომარ მახარაძეს ეთიკური სტანდარტების დარღვევა დაუდგინა და შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

მახარაძეს სალექციო საქმიანობა ერთი კვირის წინ შეუჩერდა.

მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებიც დატოვა.

ბსუ-ს სტუდენტმა, 19 წლის გოგომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლექტორი, ქართული ოცნების წევრი, ომარ მახარაძე მას სექსუალურად ავიწროებდა და "თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა".

მახარაძემ ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას ICloud გაუტეხეს და მესიჯები სტუდენტისთვის მას არ გაუგზავნია.

თავდაპირველად გოგოს საია იცავდა, თუმცა, 24 მაისს მან ორგანიზაციის დაცვაზე უარი თქვა, კერძო ადვოკატი აიყვანა და არ გამორიცხა, რომ ლექტორს iCloud შესაძლოა მართლა გაუტეხეს.

სტუდენტის პრობლემაზე სტატია თავდაპირველად "ბათუმელებმა" მოამზადა და მისთვის ლექტორის მიერ გაგზავნილი მესიჯებიც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

7 წევრისგან სპეციალურად შემდგარმა უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიამ განხილვაზე 19 წლის სტუდენტსაც მოუსმინა. გოგომ საბჭოს წევრებს ლექტორთან მიმოწერა წარუდგინა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები