სექსუალური შევიწროება

სტუდენტი არ გამორიცხავს, რომ მისგან შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს iCloud მართლა გაუტეხეს

facebook.com/omar.makharadze

19 წლის სტუდენტმა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორსა და საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ადვოკატი შეიცვალა და არ გამორიცხავს რომ ლექტორს iCloud მართლა გაუტეხეს.

სტუდენტის ინტერესებს ამ დრომდე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა, თუმცა გოგომ ადვოკატი შეიცვალა და დღეს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის დახურულ განხილვაზე ახალ ადვოკატთან, ზაზა პაპიძესთან ერთად მივიდა. უცნობია რატომ გადაწყვიტა სტუდენტმა ახალი ადვოკატის აყვანა.

"ვიღაცამ Facebook შესაძლებელია გატეხოს, ამ ფაქტს რასაკვირველია უშვებს, როგორც აღმოჩნდა დეპუტატიც არის ამავდროულად, შესაძლოა პოლიტიკური თავდასხმაც იყოს ან პოლიტიკური პარტიების ინტერესებიც. თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ყველა გადაწყვეტილება ჩვენი მოქმედებების, არის მისი გადაწყვეტილი", - თქვა ზაზა პაპიძემ.

7 წევრისგან სპეციალურად შემდგარმა უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიამ განხილვაზე 19 წლის სტუდენტს მოუსმინა. გოგომ საბჭოს წევრებს ლექტორთან მიმოწერა წარუდგინა.

"პრინციპულად აფიქსირებს ზუსტად იმ პოზიციას, რა პოზიციაც იყო მედიაში გავრცელებული. სტუდენტს ვესაუბრეთ, რა გამოიკვეთა ამას ვერ გეტყვით, თუმცა არის ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები. თვითონ არაფერს არ ითხოვს, თვითონ ითხოვს ჩვენგან ობიექტურ გადაწყვეტილებას და დამერწმუნეთ რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ფაქტებზე დაფუძნებით ობიექტური", - თქვა დისციპლინური კომისიის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს მეორეკურსელი გოგო ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ამ თემაზე სტატია მოამზადა და ლექტორის მესიჯებიც გამოაქვეყნა, უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

თავად ომარ მახარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი ტელეფონის icloud-ი გატეხილია.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები