სექსუალური შევიწროება

​ლონდა თოლორაია: ლექტორის მხრიდან სექსუალურ შევიწროების საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს. ლონდა თოლორაია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა მტკიცება იქნება მოპოვებული, ქმედებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

"ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და როგორც თქვენთვის ცნობილია ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი", - უთხრა თოლორაიამ ჟურნალისტებს.

მან განმარტა, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ, შსს-ს აღსრულებას ექვემდებარება შევიწროება, როდესაც ის საზოგადოებრივ ადგილას არის ჩადენილი. ლონდა თოლორაიას თქმით, თუ გამოძიებით გამოიკვეთება, რომ ეს შევიწროება სწორედ ამ ადგილას არის ჩადენილი, მაშინ რეაგირებას შსს მოახდენს, სხვა შემთხვევაში კი საქმე შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.

რაც შეეხება მოძალადისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, რომ გამოძიების მიხედვით განისაზღვრება ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულია თუ ადმინისტრაციული გადაცდომა.

"ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტა რთულია იმიტომ, რომ იქნება ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ იქნება ეს ადმინისტრაციული გადაცდომა, სწორედ ამის გამიჯვნის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელი გოგო ლექტორს, რომელიც ამავდროულად საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატია, სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ამ თემაზე სტატია მოამზადა და ლექტორის მესიჯებიც გამოაქვეყნა, უნივერსიტეტმა ომარ მახარაძისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელს ქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

გამოცემა ინფორმაციითვე, მეორეკურსელმა ჯერ სამართალდამცავებს მიმართა, შემდეგ კი სტუდენტებსაც უამბო. ისინი აჭარის ტელევიზიასთან ამბობენ, რომ არ სურთ ამ კაცმა ლექციები ჩაუტაროს. ამასთან, სტუდენტების ნაწილი ყვება, რომ ლექტორის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ.

"მაღალკურსელები გვაფრთხილებდნენ, მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედითო," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ამ თემაზე საუბარს ადასტურებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათი თქმით, ლექტორმა ეს უარყო, ახლა კი მივლინებაში იმყოფება. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და თუ ფაქტი დადასტურდება, კაცი უნივერსიტეტს დატოვებს.

დღეს 25-ე არხთან კომენტარი გააკეთა თავად ომარ მახარაძემ, რომელმაც სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყო და თქვა, რომ მისი ტელეფონის icloud-ი გატეხილია.

"ეს არის აბსოლუტურად დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე. ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი ხნით ადრე მე ვიგრძენი, რომ ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით მივლინებით ვიყავი ხულოში და ეს ყველამ, მთელმა რაიონმა და მთელმა პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იცით, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის რა თქმა უნდა, მოქმედი კანონმდებლობით, როგორც წესი და რიგია ისე დაისჯება", - უთხრა მახარაძემ 25-ე არხს.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები