სექსუალური შევიწროება

სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ლექტორს ლექციები დროებით აღარ ექნება

techcrunch.com

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელი გოგო ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.

სამართლის მიმართულების ერთ-ერთი ლექტორი, ამავდროულად, ბათუმს საკრებულოს წევრია "ქართული ოცნებიდან".

მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ამ თემაზე სტატია მოამზადა და ლექტორის მესიჯებიც გამოაქვეყნა, უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის მესიჯები სტუდენტმა ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ლექტორი სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

გამოცემა ინფორმაციითვე, მეორეკურსელმა ჯერ სამართალდამცავებს მიმართა, შემდეგ კი სტუდენტებსაც უამბო. ისინი აჭარის ტელევიზიასთან ამბობენ, რომ არ სურთ ამ კაცმა ლექციები ჩაუტაროს. ამასთან, სტუდენტების ნაწილი ყვება, რომ ლექტორის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ.

"მაღალკურსელები გვაფრთხილებდნენ, მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედითო," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ამ თემაზე საუბარს ადასტურებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათი თქმით, ლექტორმა ეს უარყო, ახლა კი მივლინებაში იმყოფება. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და თუ ფაქტი დადასტურდება, კაცი უნივერსიტეტს დატოვებს.

"ჩვენი უნივერსიტეტის შინაგანაწესის და ეთიკური კოდექსის სრული დაცვით იქნება მიდგომა კომისიის მხრიდან. კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, მოხდება აღნიშნულ პირთან შრომითი ხელშეკრულების შეჩერება. ის ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება და აპირებს, რომ გაიმართლოს თავი. ახლა მივლინებაში იმყოფება და როცა დაბრუნდება, აპირებს ითანამშრომლოს ეთიკის კომისიასთან", - ამბობს რექტორი, მერაბ ხალვაში აჭარის ტელევიზიასთან.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება "ბათუმელებთან" უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

ამ თემაზე დღეს განცხადება გააკეთა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძე ამბობს, რომ ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი რეაქცია ექნებათ, მკაცრ პასუხისგებაში კი იგულისხმება დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება და იმპიჩმენტი.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები