სოციალური მუშაკების პროტესტი

რას სთავაზობს ჯანდაცვის უწყება გაფიცულ სოციალურ მუშაკებს მათი მოთხოვნების პასუხად

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის შემდეგ უწყებამ 15 შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანა, კიდევ 20-ის დანიშვნის შესახებ კი ხვალ მთავრობის სხდომაზე მოითხოვს ნებართვას. მისივე თქმით, თუ გაფიცვა დიდხანს გაგრძელდება, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომელს აიყვანენ. 

"რაც შეეხება კიდევ 50 თანამშრომლის აყვანას, ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილი იყო გაფიცვის დაწყებამდე, ეს, რა თქმა უნდა, ძალაშია. ჯამში ეს იქნება 15+50+30+სამინისტროს თანამშრომელი. თუ დავინახავთ, რომ კიდევ არის საჭიროება, კიდევ ავიყვანთ, სერვისის უწყვეტობა აუცილებელია", - თქვა დღეს დავით სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამ დრომდე სოციალურ მუშაკებსა და უწყებას შორის არასწორი კომუნიკაცია იყო, რის გამოც ისინი გამოწვევების წინაშე მარტო იყვნენ. 

"ჩვენ სამინისტროში გაგვექცა მომენტი, როცა, ძირითადად, კონცენტრირებულები ვიყავით მიღებული კანონის აღსრულების გეგმის წერაზე და სოც მუშაკები მთელი ამ დროის განმავლობაში და იქამდეც იყვნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ერთ-ერთზე რთული გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. გეგმის პირველი ნაწილია ამ ტვირთისგან მათი გათავისუფლება". 

სერგეენკოს თქმით, უწყებამ სოციალური მომსახურების სამსახურში პრობლემების აღქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოც. მუშაკებმა პროტესტი დაიწყეს. 

"იანვრის დასაწყისის შემდეგ, დავინახეთ რა ცალსახა პრობლემები და ამ დროს სოციალური მუშაკები უკვე აფიქსირებდნენ გაფიცვის მზაობას, ვეცადეთ, შეგვეცვალა მენეჯმენტი, მართვის სტილი, რათა ისინი, ერთი მხრივ, მარტო აღარ ყოფილიყვნენ ამ გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, განგვეტვირთა იმ სამუშაოსგან, რაც მათ ზედმეტ ტვირთად აწვებოდათ და ხელს უშლიდათ მოვალეობის შესრულებაში. მესამე მხრივ, მაქსიმალური მხარდაჭერა გაგვეწია, რომ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური მხარე, ისე ტრანსპორტი, საოფისე ფართი, ასევე მენეჯერული მხარე, რათა პირდაპირი მხარდაჭერა და კომუნიკაცია ჰქონდათ სამინისტროსგან. 

ამ პირობებში შეიქმნა საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს და სოციალური მუშაკები არიან წევრები. ამ თანამშრომლობით ჩვენ შევქმენით 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა", - თქვა სერგეენკომ. 

რა წერია 4-პუნქტიან გეგმაში 

სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა

  • ადმინისტრაციული საქმეების სხვა თანამმშრომლებზე გადანაწილება;
  • ყველა ტერიტორიულ ერთეულში გამოიყოს (1-2 სიდიდის მიხედვით) სპეციალისტი, რომლებიც განახორციელებს ადმინისტრაციულ საქმეებს მაგ: სოც. პროგრამების განცხადების მიღებას, ვაუჩერის ბეჭდვა, გაცემა, ხელშეკრულებების ბაზაში ასახვა ა.შ.
  • სხვა უწყებებთან თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინაცია რომ დაიზოგოს სოციალური მუშაკის რესურსი;
  • სამხარაულთან ურთიერთობის გამარტივება (E- ხელმოწერები) ბრძანებაში ცვლილების შეტანით
  • მანდატურის  ფსიქოლოგიურ და სოციალურ სამსახურთან კოორდინაციის გაუმჯობესება (რეფერირების ბიზნეს პროცესის გამართვა/ფორმალიზება)
  • სოციალური მუშაკების დამატება - მიმდინარეობს გასაუბრებების პროცესი არსებულ და დამატებით 30 ვაკანსიაზე; დამატებით 20 უნდა გამოვნახოთ პროგრამულად. 
  • ვაკანსიების შევსება - მოთხოვნების გადახედვა, ტერ. უფროსებს და დასაქმების დეპარტამენტს დაევალოს ვაკანსიების პოპულარიზაცია
  • ფსიქოლოგებისა და იურისტების ვაკანსიების შევსება, დამატების განხილვა(რეორგანიზაციის ხარჯზე) - (1 ფსიქოლოგი ემატება თბილისს, დანარჩენს ვაკანსიებზე მიმდინარეობს მუშაობა, რეორგანიზაციის ფარგლებში დაემატება იურისტები (2 თბილისი და თითო სამხარეო ცენტრში)
  • განვიხილოთ 20 საპროცესო სოც. მუშაკის აყვანა პროგრამიდან - (ცალკე საპროცესო წარმომადგენლობითი სოციალური მუშაკების დამატება განხილულ იქნა საბჭოს შეხვედრაზე (07.03.2015). შეთანხმდა 20 დამატებით საპროცესო სოც მუშაკის აყვანის პროგრამული კოდი (სოც.დახმარება, რეინტეგრაცია) 28.03.2019 მთავრობის სხდომაზე გადის). 

ფსიქოლოგებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დღეს თქვა, რომ სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ დამატებითი სერვისებით ისარგებლონ. 

"ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის დამატებითი სერვისები, რომლებიც ქვეყანაში არის და პარალელურ რეჟიმში ვითარდება, იგივე ტრეფიკინგის ცენტრის სერვისები, რომლის ფარგლებშიც 2 წლის განმავლობაში 5 კრიზისული ცენტრი შეიქმნა, რომელშიც არის ფსიქოლოგი, რომელიც გადამზადდა შარშან ბავშვების მომსახურებაში, რეაბილიტაცია არა, მაგრამ ბავშვთა მომსახურება, კონსულტაცია და რომელიც შეიძლება, გამოიყენოს სოციალურმა მუშაკმა. იგივე, განათლების სამინისტროში არსებული ფსიქოლოგთა სამსახურები, სხვა სსიპ-ებში არსებულ სამსახურებზე. და ისევ და ისევ დავდივართ კომუნიკაციის პრობლემაზე. ამის გაუმჯობესებაზე არის დამატებით სამუშაო". 

უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება 

  • სააგენტოში შიდა სტრუქტურის დახვეწა და გაძლიერება, რათა მოხდეს ტერიტორიულ ერთეულებში ხელმძღვანელების უფრო აქტიური ჩართვა სოციალური მუშაკების სამუშაოში, ცენტრალური აპარატსა და ტერიტორიული ერთეულებს უკუკავშირის სისტემის დახვეწა; 
  • ტერიტორიული ერთეულების უფროსების სამუშაო აღწერილობის გადახედვა
  • კომუნიკაციის და უკუკავშირის გაძლიერება სამინისტროსთან - შექმნილია საბჭო სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები და სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები;
  • ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება 
  • ინტეგრირებული მონიტორინგის (სამინისტრო/სააგენტო) მექანიზმის ჩამოყალიბება;

ტექნიკური ხელშეწყობა 

  • ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმჯობესება;
  • ტექნიკური აღწერატერიტორიული ერთეულებში (3 კაციანი ჯგუფი, სააგენტო სამინისტრო)
  • ბიზნეს პროცესის ნახვა რა საჭიროება კონფიდენციალური საუბრების ოთახის, ა.შ. (2 კაციანი ჯგუფი, სააგენტო სამინისტრო)
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფს ხელშეწყობა; (თითო რეგიონს და თბილისს (2) გამოეყო ერთი მანქანა სოციალური მუშაკებისთვის)
  • ტრანსპორტის უზრუნველყოფის აღწერა ( 3 კაციანი ჯგუფი, სააგენტო სამინისტრო)
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოკითხვა/მოძებნა სხვა სამინისტროებში და შედეგებზე მოხსენება მინისტრს (დამატებით 4 მანქანა გამოყოფილია, მიმდინარეობს გადაფორმება, სულ დამატებით 11 მანქანა დაემატება)
  • ელექტრონული მართვის სისტემის გაუმჯობესება;
  • არსებული და საჭირო რესურსის აღწერა 

პროფესიული მხარდაჭერა 

  • სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა (რეორგანიზაციის ფარგლებში);
  • ფუნქციების გაწერა, თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმება
  • რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა; 
  • მეთოდოლოგიური მხარდაჭერა - სამუშაო ინსტრუმენტების (ფორმების) (სოპების) საჭიროებისამებრ განახლება და მათი დანერგვა; 
  • გარე სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავება/ბიუჯეტის გათვლა/ მოძიება

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრი სოციალურ მუშაკებს ასევე სთავაზობს მოლაპარაკებების გაგრძელებას სწორედ ამ 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის დამუშავებისა და დეტალიზებისთვის

რაც შეეხება სოციალური მუშაკების ხელფასს, მინისტრის თქმით, ის 2020 წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება, შემდეგ წლებში კი კიდევ მოიმატებს.

საქართველოს მასშტაბით ყველა სოციალური მუშაკი უკვე მესამე დღეა გაფიცულია. 

მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფი ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები