სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ

ტაბულა

სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ. 

2 აპრილიდან ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. 

მათი თქმით, პროტესტის ფარგლებში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმება რამდენიმე საკითხზე შედგა, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე კი - ვერა, მიუხედავად ამისა, ისინი იაზრებენ მათთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ამასთან, მათ პარლამენტს მიმართეს განცხადებით და თხოვნით, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

სოციალური მუშაკების განცხადებაში წერია: 

"სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ წამოვიწყეთ 2019 წლის 8 თებერვალს. ჩვენი მოთხოვნები შეეხებოდა 
როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ვისარგებლეთ გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით და 25 მარტიდან გავიფიცეთ. გაფიცვიდან მხოლოდ მე-4 დღეს მოხდა შეხვედრა მინისტრსა და გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  1. სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან.
  2. სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება
  3. 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს
  4. გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა.
  5. დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში
  6. დაიგეგმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.

ამასთან, 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.

მიუხედავად იმისა რომ შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  1. არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
  2. არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა.
  3. საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითხზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.

ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და 2 აპრილიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამენტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ და ყველა ადამიანი, რომელიც იცნობს სოციალური მუშაობის და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იაზრებს, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე.

იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება 2019 წლის 2 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვწყვეტთ გაფიცვას, მივიღეთ გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა გაგრძელდება კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში". 

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებასთან მოლაპარაკებების რამდენიმეკვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

კომენტარები