სოციალური მუშაკების პროტესტი

სოც. მომსახურების სააგენტო: სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეგვიწყვეტია

ტაბულა

სოციალური მომსახურების სააგენტო ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყებას სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეუწყვეტია. 

სააგენტომ სოციალური მუშაკების განცხადებებს უპასუხა იმის შესახებ, რომ მათთვის გამოყოფილი მანქანები ორი კვირა ემსახურებოდათ, შემდეგ კი მათ სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს, რაც გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას ართულებს. 

სოციალური მომსახურების სააგენტომ ტაბულას ამ თემაზე ეს განმარტება მისცა: 

"ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აპრილის თვეში გამოყოფილი ჰქონდა 5 ავტომობილი. მათი განლაგება ქალაქში დამოკიდებული იყო მომართვების ლოკაციებზე. ავტომობილებს, ქალაქ თბილისის გზებზე მოძრაობის ინტენსივობისა და სირთულეების გათვალისწინებით მისამართზე მისასვლელად 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია. მაისიდან თბილისს ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მიმართვებზე რეაგირებისათვის 3 მანქანა ემსახურება. ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მომართვიანობის შემცირებიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მანქანების რაოდენობის შესამცირებლად, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მომართვებმა ისევ მოიმატა, სოციალური მომსახურების სააგენტო მზად არის, გაზარდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

მოცემულ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკმარისია ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის. აქვე განვმარტავთ, რომ ავტომობილები განკუთვნილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისათვის და იმ მისამართებზე ვიზიტისათვის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. გაცნობებთ, რომ თბილისის მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს სააგენტო უნაზღაურებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას თვეში 20 ლარის ოდენობით. მუნიციპალური სატრანსპორტო ბარათის მფლობელი სოციალური მუშაკები, ასევე სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათიანი ტარიფით. ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება მათთვის შეადგენს 20 თეთრს". 

სააგენტოს ამ განცხადების პასუხად სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ 20 ლარი ჯერ არც ერთ სოციალურ მუშაკს არ დარიცხვია. 

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც სოციალური მუშაკები ითხოვენ - სოც. მომსახურების სერვის-ცენტრებში ფსიქოლოგისა და იურისტების დამატებას, თუმცა, მათი თქმით, სააგენტოს კადრები არ დამატებია. 

სააგენტო ამბობს: 

"ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს იურისტებისა და ფსიქოლოგის შერჩევაზე. უახლოეს დღეებში გუნდს შეემატება 1 ფსიქოლოგი და 5 იურისტი თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად იურისტის პოზიციაზე მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსი, კანდიდატებმა უკვე გაიარეს ტესტირება და მომავალ კვირას დანიშნული აქვთ გასაუბრება. ჯამში, სააგენტოს უახლოეს მომავალში19 იურისტი დაემატება. სოციალური მომსახურების სააგენტო ასევე, აპირებს ფსიქოლოგების დამატებას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში". 

დღეს, 3 მაისს სოციალურმა მუშაკებმა ასევე გაავრცელეს განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც 2 მაისს მათი პრობლემის შესახებ მედიაში განცხადება გავრცელდა, "სოციალური მომსახურების ცენტრებთან დილიდან მანქანები გამოჩნდენ სოციალური მუშაკების გადასაადგილებლად". 

"სამწუხაროა, რომ შეასრულებს თუ არა სოციალური მუშაკი მის მოვალეობას, იქნება თუ არა მობილური, დამოკიდებულია რამდენად „ხმამაღლა ვიყვირებთ“ მედიაში და არ არსებობს მდგრადი მექანიზმი, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების ბენეფიციარებამდე/მომსახურებამდე გადაადგილებას", - წერია განცხადებაში. 

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებასთან მოლაპარაკებების რამდენიმეკვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. 10 დღიანი გაფიცვის და ჯანდაცვის უწყებიდან რამდენიმე პრობლემის მოგვარების დაპირების შემდეგ სოციალური მუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. 

კომენტარები