ვაჭრობა

იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა, დსთ-ში 45.7%-ით გაიზარდა

brianchristner.io

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 118.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 10.7%-ით ნაკლებია.

დსთ-ის ქვეყნებში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 254.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი გავიდა, რაც ნიშნავს, რომ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემი 45.7%-ით გაიზარდა.

შედეგად, მთლიანი ექსპორტის 50.4% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, 23.4% - ევროკავშირის ქვეყნებზე, 26.1% კი დანარჩენზე.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა იანვარ-თებერვალში რუსეთი იყო 16.1%-ით. მას მოსდევენ აზერბაიჯანი და თურქეთი 11.6% და 7.8%-ით.

ჯამში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 3.6%-იან ზრდას ნიშნავს. სავაჭრო დეფიციტი 729.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ევროკავშირიდან შემოსულმა იმპორტმა 304.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. თავის მხრივ, დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსული იმპორტი 14.4%-ით შემცირდა და 372.9 მლნ დოლარი შეადგინა.

იმპორტირებული საქონლის 30.2% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, 24.6% - ევროკავშირის.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი იანვარ-თებერვალში კვლავ თურქეთი იყო 15.7%-ით. მას ჩინეთი (11.5%) და აზერბაიჯანი (10.2%) მოსდევს.

კომენტარები