ვაჭრობა

3 მიზეზი, რის გამოც უცხოურ ფოლადზე ტარიფის მატება ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს

AP

აშშ უცხოურ ფოლადსა და ალუმინზე საიმპორტო ტარიფების დაწესებას გეგმავს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა მსოფლიოსთან "სავაჭრო ომში" აგებს, ასეთი ტარიფების დაწესების შემდეგ კი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა "სამართლიანი" გახდება. 

პროექტის მიხედვით, იმპორტულ ფოლადზე 25%-იანი ტრაიფი, ხოლო იმპორტულ ალუმინზე 10%-იანი ტარიფი უნდა დაწესდეს. ტარიფების ძირითადი სამიზნე ჩინეთია, რადგანაც აშშ-ში ფოლადის მთავარი ექსპორტიორი ჩინეთია.

3 მიზეზი რატომ იქნება ახალი ტარიფები ამერიკის ეკონომიკისთვის ცუდი

1) ფასებზე ზეწოლა გაიზრდება

თუ ქვეყანაში ფოლადი იმპორტულთან შედარებით უფრო ძვირია, ფოლადის მწარმოებლებმა შესაძლოა, ლობისტური ჯგუფების მეშვეობით მთავრობას მიაღებინონ ნორმა იმის შესახებ, რომ უცხოური ფოლადი ადგილობირვ წარმოებას აზიანებს და მისთვის მაღალი ტარიფი ან კვოტა იქნეს შემოღებული. ამგვარი ცვლილება თითქოს ადგილობრივ წარმოებას იცავს, თუმცა მისი მეშვეობით მოსახლეობა უფრო ძვირადღირებულ პროდუქტს ყიდულობს, ამ პროდუქტის ბაზარი კი იმაზე მცირეა, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც ბაზარზე იმპორტული საქონელი ივაჭრებოდა, შესაბამისად, ამას კეთილდღეობის კლება მოჰყვება. 

ფოლადი და ალუმინი ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული საქონელია. ისინი მძიმე მრეწველობისა და მშენებლობის პრაქტიკულად ყველა დარგში გამოიყენება. ამ მთავარი საქონლის 25%-ით გაძვირების შემთხვევაში პროდუქციის მყიდველს იქნება ეს უბრალო მოქალაქე თუ მსხვილი კომპანია მისი შეძენა გაუძვირდება, რაც ამ ტიპის პროდუქციის ფასის მატებაზე აისახება. 

2) სამუშაო ადგილების შემცირება, წარსული გამოცდილების მაგალითი

ინდუსტრიები, რომელთა მთავარი ნედლეულიც ფოლადი და ალუმინია (მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა და სხვა) 17 მილიონ ამერიკელს ასაქმებენ. 

იმპორტულ საქონელზე ტარიფის მატება ამ სამუშაო ადგილებს რისკის ქვეშ დააყენებენ. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა. 2002 წელს ჯორჯ ბუშმაც გაზარდა იმპორტულ ფოლადზე ტარიფები, რასაც ამ სექტორებში დასაქმებულთა 200,000-ით შემცირება მოჰყვა.

3) საპასუხო ტარიფები

საპასუხო ტარიფების დაწესება ქვეყნების მიერ "სავაჭრო ომის" დროს მიღებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიღებული გადაწყვეტილებაა. ევროკავშირი უკვე ამზადებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ 25%-იან ტარიფებს ამერიკულ პროდუქციაზე. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ტარიფები საქონლის უფრო ფართო ჯგუფებზე გავრცელდება, ესენია:

  • ფოლადი
  • ტანსაცმელი და ტექსტილი
  • ინდუსტრიული პროდუქტები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია

ჩინეთს აშშ-ის საპასუხო ტარიფების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საპასუხო ტარიფების ეკონომიკური შედეგებიც საზიანოა, ერთის მხრივ ამერიკულ პროდუქცია მსხვილ საექსპორტო ბაზარზე მაღალი ტარიფის გამო კონკურენტუნარიანობას კარგავს, რის გამოც ამერიკაში წარმოების მოცულობა მცირდება, მეორეს მხრივ კი უცხოური ქვეყანა მის მოსახლეობას უძვირებს პროდუქციას, რაც ამ ქვეყანაში მოსახლეობის ხარჯების ზრდას იწვევს.

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგია

დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალ სავაჭრო კავშირზე უარის თქმა იყო. ბაკარ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ ტრანს-წყნაროკეანური  პარტნიორობის ზრდაზე მუშაობდა. მზადდებოდა ახალი სავაჭრო კავშირი TPP, რომელშიც 12 ქვეყანა უნდა გაწევრიანებულიყო და რომლითაც ამ ქვეყნებს შორის თავისუფალი და ლიბერალიზებული სავაჭრო რეჟიმი უნდა ამოქმედებულიყო. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს შეთანხმება "დამღუპველი" იქნებოდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.

TPP-ის ჩამოყალიბებას ხელი 12-მა სახელმწიფომ მოაწერა, ესენია: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი. ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროებოდა.

 

კომენტარები