მოსამართლეების დანიშვნა

კობახიძე: საერთო მიზანი, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცებაა

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი -  გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა.

ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა.  მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია დეკემბერში გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანის სია საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა თუმცა საგაზაფხულო სესიისთის გადავადდა. სიას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. მოსამართლეების სია დაპირისპირების საგანი გახდა ქართულ ოცნებაში. სწორედ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებზე სამსჯელოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

კომენტარები