რელიგიური შეუწყნარებლობა

ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც იეჰოვას მოწმეს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დაარტყა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა იეჰოვას მოწმეს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან რ.კ. მის თანამოაზრე - გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა. რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ.-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ.-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა" - აცხადებს პროკურატურა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები