პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე: აუცილებლად ჩავალ და ტემირკანოვს ყველა მომდევნო იუბილესაც მივულოცავ

pia.ge

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, მოსკოვში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ბურჭულაძემ გალა კონცერტში მონაწილეობა თავად იური ტემირკანოვის მიწვევით მიიღო და აღნიშნა, რომ კონცერტზე მომავალშიც ჩავა და ყველა მის მომდევნო იუბილეს დაესწრება. 

"იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას მისივე პატივსაცემად და მისივე მიწვევით. აუცილებლად ჩავალ და მივულოცავ დიდ მაესტროს ყველა მომდევნო იუბილესაც. მთელი ცხოვრება მემახსოვება და მადლიერი ვიქნები მისი მხარდაჭერის. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან, იური ტემირკანოვი 2013-ში მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა თბილისში და საქველმოქმედო კონცერტი გამართა ქართველი ბავშვების დასახმარებლად. 2008 წელსაც იყო ჩამოსული ჩემს იუბილეზე... იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან. მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა",- წერს ბურჭულაძე. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკიდან საოპერო სცენაზე დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ სანკტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. 

კონცერტი 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის მაესტრო იური ტემირკანოვის იუბილეს ეძღვნებოდა. 

კომენტარები