ჯანდაცვა

სერგეენკო: ძუძუს კიბოს IV სტადიის პაციენტები 2 წამალს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტების გარდა, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე სიმსივნით (ძუძუს კიბო) დაავადებული მოქალაქეებიც მიიღებენ.

„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები", - თქვა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის - ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს.

ძუძუს კიბოს სამკურნალო არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.

ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია "როშეს" ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.

კომენტარები