მადონა

მადონამ არეტა ფრანკლისადმი მიძღვნილ სიტყვაში საკუთარ თავზე ისაუბრა

Fox News

ნიუ-იორკში, MTV-ის მუსიკალური კლიპების დაჯილდოების ცერემონიალზე არეტა ფრანკლინის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აჩვენეს მის შესახებ მომზადებული ვიდეოები, ასევე, ვარსკვლავებმა სიტყვით გამოსვლისას მის შესახებ ისაუბრეს. 

მათ შორის იყო მადონაც, რომელიც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არეტა ფრანკლინისადმი მიძღვნილ გამოსვლაში უმეტესად საკუთარ თავზე ისაუბრა. 

პოპის დედოფალმა 5-წუთიან სიტყვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი კარიერა სწორედ ფრანკლინის სიმღერის, You Make Me Feel Like) A Natural Woman შესრულებით დაიწყო. 

ასევე თქვა, რომ მან იმღერა ორი უდიდესი ხმის ჩამწერი კომპანიისთვის, თუმცა მათ სერიოზულად არ აღიქვეს და უარით გამოისტუმრეს. 

მადონამ გაიხსენა, როგორ აღარ ურეკავდნენ მას პროდიუსერები მთელი კვირების განმავლობაში, თუმცა წარმატებას მაინც მიაღწია. 

გამოსვლის ბოლოს კი თქვა: „ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს. არსებობს კავშირი. მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ჩვენი სოულის დედოფალი. მან გამხადა ისეთი, როგორიც ახლა ვარ და ვიცი, რომ მან სხვა ბევრ ადამიანზეც მოახდინა გავლენა. მინდა, მადლობა გადავუხადო არეტას ჩვენი გაძლიერებისთვის. ქედს ვიხრი, გაუმარჯოს დედოფალს". 

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო 8 წლის განმავლობაში ის პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა.

უკანასკნელი კონცერტი არეტა ფრანკლინმა 2017 წელს ჩაატარა, მას შემდეგ ექიმებმა მომღერალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასვენება ურჩიეს.

კარიერის განმავლობაში არეტა ფრანკლინმა 18 გრემის მოპოვება და 75 მილიონ ჩანაწერზე მეტის გაყიდვა შეძლო.

კომენტარები