მადონა

მადონას მსმენელები კონცერტის 2 საათით დაგვიანებისთვის უჩივიან

Getty Images

ამერიკელ მომღერალ მადონას 2 მსმენელი კონცერტის 2 საათით დაგვიანებისთვის უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მოსარჩელეები ამბობენ, სამდღიან კონცერტზე, რომელიც ნიუ-იორკში დეკემბერში ადგილობრივი დროით 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, სამივეჯერ 22:30 საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით 01:00 საათზე დამთავრდა. 

მოსარჩელეების თქმით, წინასწარ რომ სცოდნოდათ კონცერტის გვიან დაწყების შესახებ, ბილეთებს არ შეიძენდნენ.

საქმეში ასევე ნათქვამია, რომ "ბილეთების მფლობელები, რომლებიც კონცერტებს კვირა ღამით ესწრებოდნენ, მეორე დღეს ადრე უნდა ამდგარიყვნენ სამსახურში წასვლის ან/და ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით".

ამასთან, როგორც BBC-ი სასამართლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, მოსარჩელეები უჩივიან პრომოუტერ Live Nation-ს და Barclays Center-ს "ცრუ რეკლამის, ინფორმაციის გაუფრთხილებლობით არასწორი წარმოდგენის, უსამართლო და თაღლითი სავაჭრო პრაქტიკის გამო".

"მოპასუხეებმა ვერ აცნობეს ბილეთების მფლობელებს, რომ კონცერტები დაიწყებოდა გაცილებით გვიან, ვიდრე ბილეთსა და რეკლამებზე ეწერა. ამის გამო ბილეთების მფლობელები საათობით ელოდნენ მის დაწყებას". - ნათქვამია დოკუმენტში.

სასამართლოს დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ მადონას "დიდი ისტორია აქვს კონცერტების გვიან დაწყების, ზოგჯერ რამდენიმე საათით დაგვიანებით". მაგალითებად კი მოყვანილია მისი 2016-ის და 2019-2020 წლების ტურები - Rebel Heart და Madame, როდესაც "კონცერტები ორ საათზე მეტი ხნით დაგვიანებით დაიწყეს". 

2019 წელს მადონას აშშ-ში დაგეგმილი კონცერტის დაგვიანებით დაწყების გამო უჩივლეს. თუმცა, როგორც ABC News-ი წერს, მან სარჩელი ნებაყოფლობით გაიტანა. 

კომენტარები