მადონა

"ეიჯიზმისა და მიზოგინიის ობიექტი ვარ" - მადონა თავისი გარეგნობის კრიტიკოსებს ეხმაურება

მადონა 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე.

მადონა კრიტიკოსებს Instagram-ზე ეხმაურება და წერს, რომ გრემის დაჯილდოებაზე პრესის ფოტოგრაფმა მას ფოტოები ახლო ხედიდან გადაუღო, რაც მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის სახეს დაამახინჯებდა.

მომღერალმა დაჯილდოებაზე კიმ პეტრასი და სემ სმიტი წარადგინა, სოციალურ ქსელების მომხმარებლებმა კი მადონა გარეგნობის გამო გააკრიტიკეს.

"ჩემთვის პატივი იყო კიმ პეტრასისა და სემ სმიტის წარდგენა გრემიზე. მე მსურდა ბოლო ჯილდო - "წლის საუკეთესო ალბომი" გამომეცხადებინა, თუმცა გავიაზრე, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა წარმედგინა პირველი ტრანსგენდერი ქალი გრემიზე - ისტორიული მომენტი! და გარდა ამისა, მან გრემიც მოიგო.

იმის ნაცვლად, რომ ჩემს სიტყვაზე ფოკუსირებულიყვნენ, სადაც მე სემსა და კიმს უშიშრობისთვის მადლობას ვუხდიდი, ბევრმა ადამიანმა არჩია, რომ მხოლოდ პრესის ფოტოგრაფის მიერ ახლო ხედიდან ტელეფოტო ლინზის მქონე კამერით ჩემთვის გადაღებულ ფოტოებზე ესაუბრათ, რაც ნებისმიერს დაუმახინჯებდა სახეს!

კიდევ ერთხელ ვარ ეიჯიზმისა და მიზოგინიის ობიექტი, რომლითაც მსოფლიო სავსეა. მსოფლიო, რომელიც თვლის, რომ უნდა დასაჯოს 45 წელს გადაცილებული ქალები, თუ ისინი აგრძელებენ, რომ იყვნენ ძლიერები, მშრომელები და თავგადასავლების მოყვარულები". - წერს მადონა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს ბოდიში მოიხადოს იმის გამო, თუ რა კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც იცვამს და როგორ გამოიყურება. მადონა ასევე წერს, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მედია მის დამცირებას ცდილობს, თუმცა ამბობს, რომ ამას "გამოცდად" უყურებს.

"ბიონსეს სიტყვებით - თქვენ ჩემს სულისკვეთებას ვერ გატეხთ". - წერს მადონა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები