ნარკოპოლიტიკა

გირჩის ინფორმაციით, პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძეც დააკავა

ტაბულა

იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის შემდეგ, გირჩის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გირჩი ავრცელებს. ​როგორც ტაბულას პარტიის წარმომადგენელმა უთხრა, ჯაფარიძე დილით პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული, შემდეგ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ბრალი წარუდგინეს  და ამ დრომდე იქ იმყოფება.

"ზურა ახლა არის განყოფილებაში, მასაც იგივე მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი. მართალია არ დააკავეს ხელბორკილით, მაგრამ ალბათ უფრო ზრდილობის გამო. მას შემდეგ, რაც წარუდგენენ ბრალს და გააცნობენ საქმის დეტალებს, ყველანი ერთად გადავალთ უკვე ჩანიშნულ სასამართლოზე, სადაც სამივეს პროცესი ერთად გაიმართება", - უთხრეს ტაბულას გირჩში.

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და მოგვიანებით შეგვატყობინებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გირჩის წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა, რის გამოც ის ქავთარაძის ქუჩაზე "შეაჩერეს". პოლიციელებს კი "სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა".

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას.

გირჩის ინფორმაციით კი, უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. 

"ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ჩითილიანი ქოთანი ეჭირა. როგორც გირჩის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ქოთანი პოლიციელებთან სადემონსტრაციო მიიტანეს, რომ სხვისი დაკავების შემთხვევაში, გირჩის წევრებიც ჯგუფურად დაეკავებინათ, როგორც ამ "დანაშაულის ჩამდენები". თუმცა, მათ მხოლოდ ობოლაძე დააკავეს -"ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე".

კომენტარები