ქართული ოცნება

ქანთარია: ირაკლი კობახიძეს რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ირაკლი კობახიძის განცხადებები არ მოსწონთ. საქმე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გედევან ფოფხაძის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს ეხება. 

4 აპრილს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ შესაძლოა ამის გამო უმრავლესობა დატოვოს, ვინაიდან "ნინია კაკაბაძე მართლმადიდებლობის და პატრიარქის მაგინებელია". 9 აპრილს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე".

გიორგი კვირიკაშვილმა კი თქვა, რომ "შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა". 

"პრემიერმინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად ამომწურავად გამოხატა პარტიის პოზიცია, როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა. პარლამენტის თავმჯდომარეს ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელია. ეს ჩვენ ნოტებიც და რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. მისი რიტორიკა, ვფიქრობ რომ მიუღებელია და ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს",- თქვა ნუკრი ქანთარიამ რუსთავი 2-თან. 

კომენტარები