უბედური შემთხვევა

ტყიბულში დაშავებული სამი მეშახტიდან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში დაშავებული სამი მეშახტიდან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

დღეს დილით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერი ჩამოიშალა. დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა. სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, "5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა, (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება)". 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები