31 წლის ასაკში გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა დალმაიერი დაიღუპა.
28 ივლისს დალმაიერი პაკისტანის მთებში ქვათაცვენაში მოყვა, როდესაც მწვერვალ ლაილაზე ადიოდა.
ქვათაცვენაში მოყვა ასევე მისი მეწყვილე მარინა ევა. ევა მეგობრის გადარჩენას საათების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ უამინდობისა და უწყვეტი ქვათაცვენის გამო მთიდან დაშვება მოუწია.
"ევამ მეწყვილეს სიცოცხლის ნიშნები ვეღარ შეატყო, ამის შემდეგ გადაწყვიტა დაეტოვებინა სახიფათო ზონა და მთიდან დაეშვა". – წერია დალმაიერის ინსტაგრამის გვერდზე.
სამაშველო სამსახურმა უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო დააგვიანა.
ამ ეტაპზე უცნობია გადმოასვენებენ თუ არა მთებიდან დაღუპული ოლიმპიელის სხეულს. როგორც წესი, პაკისტანის მთებში დაღუპული ალპინისტების სხეულებს ადგილზე ტოვებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დაღუპულის გადასვენება ოჯახის წევრებმა არ მოითხოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება, დალმაიერის ოჯახის გადაწყვეტილებას ელოდება.
დალმაიერმა 2018 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სპორტსმენი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო.





