ჩინეთი

ჩინეთმა აშშ-ს ხორცზე, ხილზე, ალუმინსა და სხვა პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები დაუწესა

Reuters

ჩინეთმა დონალდ ტრამპის მიერ გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, აშშ-ს სავაჭრო ბარიერები დაუწესა. ახალი ტარიფები ამერიკულ ალუმინსა და ღორის ხორცს 25%-ით დაბეგრავს, ხოლო ხილს და კიდევ 120 დასახელების პროდუქტს 15%-იან ტარიფს უწესებს.

საერთო ჯამში ახალი ტარიფები ვრცელდება $3 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო საქონელზე. შედარებისთვის, აშშ-ს მიერ დაწესებული ტარიფები ბევრად მასშტაბური იყო და ის ჩინეთთან $50-მილიარდიან ვაჭრობას ბეგრავდა.

2017 წელს ჩინეთის ექსპორტმა აშშ-ში $505 მილიარდი შეადგინა. ამერიკული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში კი $130 მილიარდი იყო. შესაბამისად, ჩინეთის დადებითი სავაჭრო სალდო აშშ-სთან $375 მილიარდია.

ტრამპის გადაწყვეტილებით, უცხოური ფოლადი აშშ-ის საზღვარზე 25%-ით, ალუმინი კი 10%-ით დაიბეგრება.

ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ში წარმოების ზრდას ისახავს მიზნად, თუმცა სავარაუდოდ მისი შედეგები ნეგატიური იქნება. 

ინდუსტრიები, რომელთა მთავარი ნედლეულიც ფოლადი და ალუმინია (მანქანათმშენებლობა, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა და სხვა) 17 მილიონ ამერიკელს ასაქმებენ. 

ახალი ტარიფების გამო გაძვირდება ამ ინდუსტრიების მთავარი ნედლეული, რაც მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა. 2002 წელს ჯორჯ ბუშმაც გაზარდა იმპორტულ ფოლადზე ტარიფები, რასაც ამ სექტორებში დასაქმებულთა 200,000-ით შემცირება მოჰყვა.

ამავდროულად, პრობლემას წარმოადგენს საპასუხო ტარიფებიც. ჩინური ტარიფები ხორცპროდუქტებსა და ხილზე იმოქმედებს ათასობით ამერიკელ ფერმერზე, რომლებიც საკუთარ პროდუქტს ჩინეთში აგზავნიან. 

აშშ-მა 2017 წელს ჩინეთში $20 მილიარდის ღირებულების აგროპროდუქტების ექსპორტი მოახდინა, აქედან $1.1 მილიარდი ღორის ხორცზე მოდიოდა. 

ჩინეთი აშშ-ის ხორცპროდუქტების ინდუსტრიისთვის მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, შესაბამისად ახალი ტარიფები მწარმოებლებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

კომენტარები