ზვიად რატიანის საქმე

სამეურვეო საბჭო: რატიანის ვიდეოს გავრცელებით საზმაუს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რატიანი სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. ცნობისთვის, 5 თებერვლის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის დაკავების ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები. 

დღევანდელ სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ იმსჯელა საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ ზვიად რატიანის მასალების გაშუქებისას რამდენად იყო დაცული სიზუსტე, იყო თუ არა მიმართული სიძულვილის გაღვივებისკენ და დაირღვა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი.

საბჭოს წევრებმა ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ მიიჩნიეს, რომ ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის გაშუქებისას პირველი და მეორე პრინციპი დაირღვა. საბჭოს ოთხი წევრი – მარინა მუსხელიშვილი, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ნიჟარაძე და გიორგი იაკობაშვილი ეთიკის ნორმების დარღვევას არ დაეთანხმნენ.

მსხილაძისა და ფუტკარაძის აზრით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ზვიად რატიანთან დაკავშირებით დაირღვა, გია ნიჟარაძემ თავი შეიკავა, ხოლო საბჭოს სამმა წევრმა – მუსხელიშვილმა, კოხრეიძემ და იაკობაშვილმა არ გაიზიარეს.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია. ის მიიჩნევდა, რომ პოლიციელების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, სადაც ზვიად რატიანის გინება ისმის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სტანდარტი დაარღვია.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. 29 დეკემბერს, სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს და მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

კომენტარები