პოლონეთი

პოლონეთში კვირაობით მაღაზიების მუშაობა აიკრძალა

nto.pl

პოლონეთში კვირაობით მაღაზიების მუშაობა აიკრძალა. პოლონური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კანონს ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი ძალაში 2018 წლის მარტიდან შევა. 11 მარტი იქნება პირველი კვირა დღე, როდესაც პოლონეთში ვაჭრობა აკრძალული იქნება.

"პოლონეთის ოჯახები და დასაქმებულები ამ ხელმოწერას მრავალი თვე ელოდნენ. ამ გზით გვინდა, აღვადგინოთ ოჯახური კვირა დღე, რომ ამ დღემ მიიღოს თავისი ნამდვილი მნიშვნელობა და სათანადოდ აღინიშნოს" - განაცხადა შრომის მინისტრმა ელჟბიეტა რაფალსკამ და აღნიშნა, რომ "გზა იყო მძიმე და ხანგრძლივი, მაგრამ კომპრომისამდე მივედით".

კანონი ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად, ვაჭრობა დასაშვები იქნება თვის პირველ და ბოლო კვირა დღეს. 2019 წელს მხოლოდ - თვის ბოლო კვირა დღეს, 2020 წლიდან კი, ვაჭრობა კვირაობით სრულად აიკრძალება.

პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კვირაობით მუშაობა შეეძლებათ აფთიაქებს, პურის საცხობებს, საკონდიტროებს, საყვავილეებს, ბენზინგასამართ სადგურებზე გახსნილ მაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს.

კანონდამრღვევი 1000-დან 100 000 ზლოტამდე დაჯარიმდება.

"გირჩევთ, იმის ნაცვლად, რომ წესების დარღვევის გზები ეძებოთ, იზრუნეთ თქვენი თანამშრომლების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე" - მიმართა ანდჟეი დუდამ მოვაჭრეებს.

კომენტარები