კახა კალაძე

კალაძე: მშენებარე ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესად გაკონტროლდება

თბილისის მერია

თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი კონტროლი დაავალა.

კახა კალაძემ შესაბამისი განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება. 

"სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვაწყდებით მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. შესაბამისად, მინდა დავავალო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს. 

"თუ ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ამიტომ, ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, როდესაც საქმე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ის საკითხია, რაზეც თბილისის მერია ძალიან პრინციპული, მკაცრი და ამასთანავე, ძალიან მომთხოვნიც იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღესვე, თბილისის მერმა არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.

"ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები