ზიმბაბვე

ზიმბაბვეს ყოფილი დიქტატორი რობერტ მუგაბე იმუნიტეტს და $10,000,000-ს მიიღებს


ფოტო: Getty Images

93 წლის რობერტ მუგაბე 37-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის შემდეგ, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორთა მოთხოვნებს დათანხმდა და 21 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. ქვეყანას მუგაბეს ყოფილი მოკავშირე ემერსონ მნანგაგვა უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვე უარს ამბობს მუგაბეს გასამართლებაზე და მას იმუნიტეტსა და სოლიდურ კომპენსაციას სთავაზობს. The Guardian-ის ცნობით, მუგაბე დაახლოებით $10 მილიონი დოლარის კომპენსაციას და წელიწადში დამატებით $150 000-ის ხელფასს მიიღებს. ზიმბაბვეს ყოფილი პირველი ლედი, გრეის მუგაბე, რომელსაც ხალხმა მაღალი მოდის სიყვარულის გამო "გუჩი" შეარქვა, სიცოცხლის ბოლომდე წელიწადში $75 000-ის კომპენსაციას მიიღებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზიმბაბვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის მმართველობაში რადიკალური ცვლილებები სავარაუდოდ არ მოხდება. გადატრიალების სავარაუდო მიზეზი იყო ის, რომ მუგაბე პრეზიდენტის პოსტზე მემკვიდრედ გრეის მუგაბეს დასახელებას გეგმავდა, რის გამოც მან ვიცეპრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვას, რომელსაც ხალხი მეტსახელად "ნიანგს" უწოდებს, მხარს სამხედროები უჭერდნენ, რომლებმაც ნოემბერში სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს.

მნანგაგვა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუგაბეს მოკავშირე იყო, ისიც მუგაბეს მსგავსად მრავალი კორუმპირებული გარიგების მონაწილეა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა რომ მან კორუფციის აღმოფხვრისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

მუგაბეს 37-წლიან მმართველობას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ადამიანის უფლების შევიწროება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების ჩაგვრა და თეთრკანიანთა მიმართ სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული რასისტული პოლიტიკა ახლდა თან.

2008 წელს ფულის განუსაზღვრელი მოცულობით ბეჭდვამ ზიმბაბვეში დამანგრეველი ინფლაცია გამოიწვია. მისი მაჩვენებელი 79,600,000,000%-ს აჭარბდებდა, რასაც 2009 წელს ეროვნული ვალუტის "ზიმბაბვეური დოლარის" გაუქმება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. მუგაბეს მმართველობამ ზიმბაბვეს განვითარება ათობით წლით შეაფერხა.

კომენტარები