სამთავრობო ცვლილებები

ფინანსთა მინისტრად რკინიგზის დირექტორი, მამუკა ბახტაძე ინიშნება

საქართველოს რკინიგზა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, 4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის სამინისტროში ბრუნდება დიმიტრი ქუმსიშვილი და მის ადგილს ფინანსთა სამინისტროში რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები საქართველოს რკინიგზის მართვის პირობებში", - ასე წარადგინა პრემიერმა რკინიგზის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობის პირობებშიც საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა განახევრდა.

გასული წლების განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა
  • 2017 წლის 7 თვე - 6.1 მილიონი ტონა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლები)

მამუკა ბახტაძის ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ის არამარტო რკინიგზიდან იღებდა ხელფასს, არამედ რკინიგზის კუთვნული ორი კომპანიიდანაც (შპს ჯორჯია ტრანზიტი და GR ტრანზიტ ლაინი). ბახტაძემ გასული წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 1 064 266 ლარი გამოიმუშავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის უტას მეგობარია. 2013 წლის 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის "კარგი ბიჭია."

მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს ბაკალავრიატი. ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

კომენტარები