პანორამა თბილისი

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილი თავის უკანა ეზოს იწყობს, სახელმწიფო ქონება კი ნიავდება

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

"ბიძინა ივანიშვილი თავის უკანა ეზოს იწყობს და ამისთვის მან ხელყო სახელმწიფო, საჯარო ყველა მოქალაქის ქონება, ეს იყო ბოტანიკური ბაღი თუ თბილისის ცენტრში პუშკინის სკვერი. ერთი კაცის ინტერესებისთვის საჯარო ქონება ნიავდება," - ამის რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, საათების განმავლობაში ახდენს რამდენიმე საჯარო უწყება მის მომსახურებას. როცა ივანიშვილის ინტერესებს ეხება, კალაძე იქნება თუ კვირიკაშვილი, როგორც ხელის ბიჭებს ისე გამოაგდებენ ხოლმე ტელევიზორების ეკრანებზე, რომ გაამართლონ ის ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს.ჩვენი სახელმწიფო ჩვენ თვალწინ ლპება. ჩვენს ქვეყანაში კორუფციამ ღრმად გაიდგა ფეხი,"- ამბობს ჭიაბერაშვილი.

5 ოქტომბერს თბილისის მერიამ პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. საკითხი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. 

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ივანიშვილის კომპანია "თბილისი სითი" 1 ლარად მიიღებს ამ მიწის ნაკვეთს. საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა მოეწყოს.

29 სექტემბერს ტერიტორიისთვის განაშენიანების სტატუსის ცვლილებას მხარი თბილისის საკრებულომ დაუჭირა. საკითხის განხილვის გადადებას საკრებულოსგან ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომათა დარბაზში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

კომენტარები