პანორამა თბილისი

პრემიერი ენმ-ზე: ისინი წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები არიან

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი ეს საქციელი უსინდისობის ზღვარს მიღმაა. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიცია ყურადღების მიქცევას სწორედ ამ უსინდისობით და ტყუილებით ცდილობს. 

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, რასაც ჩვენ ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან", - თქვა პრემიერმა დღეს მინისტრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. 

ნაციონალური მოძრაობის აქცია მერიასთან გუშინ გაიმართა. მათ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრი ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა გააპროტესტეს და მერიის მაღალჩინოსნებისგან არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც მერიისგან პასუხი ვერ მიიღეს, ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადეს, რასაც 6 ადამიანის დაკავება მოჰყვა. 

გადაწყვეტილება, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას სტატუსი შეეცვალოს, რათა მისი გასხვისება შესაძლებელი გახდეს, თბილისის საკრებულომ 29 სექტემბერს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება და პარკინგი აშენდება. 

პრემიერმინისტრის თქმით, "მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს" და ვინაიდან ასეთი ინვესტორის მოძებნა რთულია, მას ბიძინა ივანიშვილი ააშენებს.

კომენტარები