პანორამა თბილისი

უდუმაშვილი ივანიშვილისთვის მიწის გადაცემაზე: ზვიგენარიუმს აშენებს

facebook.com/pg/zalikoudumashvili

"თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად. ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი. სამი კვირა გაქვთ დარჩენილი ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი, რომელიც სულ სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს", - საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს ზაალ უდუმაშვილი.

საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს ხმაური იყო, რაც პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდებოდა. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილება ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტის" მოთხოვნას უკავშირდება. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ამ მიწის ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. 

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს. 

საკრებულოს ოპოზიცია ივანიშვილისთვის ამ ტერიტორიების გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საკრებულოს უმრავლესობა კი ივანიშვილის კომპანიისთვის ტერიტორიის გადაცემის მომხრეა, რადგანაც საინვესტიციო ვალდებულებით კომპანია ტერიტორიაზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

დღეს 14:00-ზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც უნდა გადაწყდეს შეიცვლება თუ არა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ზონალური სტატუსი. სტატუსის ცვლილების შემდეგ ივანიშვილის კომპანიას ამ ტერიტორიის შესყიდვა შეეძლება.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთი 2016 წლის მაისში აუქციონზე 6.3 მილიონ ლარად გაყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს. პროექტი "პანორამა თბილისის" ნაწილია. 

კომენტარები