უზენაესი სასამართლო

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის მინისტრს უზენაესში დავა მოუგეს

ტაბულა

იუსტიციის სამინისტროდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ თეა წულუკიანს ამჯერად უზენაეს სასამართლოში მოუგეს დავა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად თამაზ ახობაძე ადასტურებს. ახობაძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრული ანაზღაურება დაევალა. 

ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ 2017 წლის მარტში თეა წულუკიანს სააპელაციო სასამართლოში მოუგეს დავა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

"3 წლისა და 8 თვის შემდეგ საბოლოოდ მოვიგეთ სასამართლო!"- წერს ახობაძე. 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. ანა სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და ახობაძემ გააპროტესტეს, მათ შორის, Facebook პოსტების საშუალებითაც, რასაც წულუკიანის მიერ მათი დაბარება მოჰყვა. 

სუბელიანმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ წულუკიანმა სხვა თანამშრომლებთან ისინი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია - "პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრები", "წინა მთავრობის გადმონაშთები", "ნაციონალების ძლოკვები" და სხვ.

სუბელიანის თქმით, მას და ახობაძეს ამის შემდეგ ორი თვის მანძილზე ავიწროებდნენ და ცდილობდნენ, რომ მათგანვე მიეღოთ განცხადება გათავისუფლების მოთხოვნაზე. 

"ეს არ გავაკეთეთ და 2014 წლის იანვარში გაგვათავისუფლეს რეორგანიზაციის საშუალებით. სასამართლოს წინაშე მოწმეებმა დაადასტურეს ყველაფერი, მათ შორის წულუკიანთან შეხვედრის დეტალები და ის ეპითეტები, რასაც ის გვიწოდებდა. ამდენად, სასამართლომ ეჭვქვეშ აღარ დააყენა ის ფაქტი, რომ ჩვენი გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციის საფუძველზე და უკანონოდ. ასევე წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები ჩვენი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად და არც ეს გამხდარა სადავო", - განუცხადა სუბელიანმა ტაბულას.

2016 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ისინი ითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს, თუმცა მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები