უზენაესი სასამართლო

პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას პარლამენტმა, კერძოდ, ქართული ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობას 2025 წელს დაიწყებს მაშინ, როდესაც მოსამართლე ეკატერინე გასიაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება. გასიაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრი 2015 წლის ივნისიდანაა. 

ცნობისთვის, 5 დღით ადრე მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იგი ვეტინგის მოწინააღმდეგეა.

"ვფიქრობ, რომ ვეტინგი უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული...ვინ უნდა შემამოწმოს, მოდი, ასე დავსვათ კითხვა, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო" - ტელეკომპანია მთავარზე დაყრდნობით, თქვა მარსაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე. 

2020 წლის მარტიდან ნიკოლოზ მარსაგიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხოლო ამავე წლის ოქტომბრიდან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს. 

2024 წლის 24 მარტს მარსაგიშვილი მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე მეორე ვადით აირჩია. 

კომენტარები