უზენაესი სასამართლო

კოალიცია: უზენაესის მოსამართლეების შერჩევის მომაწესრიგებელი დადგენილების პროექტი პრობლემურია

TI

კოალიცია – დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს, აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი შეხედულებისამებრ.

"როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დადგენილების პროექტი მოამზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა, რომელიც თავად იღებს მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში და შესაბამისად, კანდიდატი, რომელსაც კანონით ევალება, ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს, თავად ამზადებს იმ წესებს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ უნდა იქნეს მასთან, როგორც კანდიდატთან მიმართებაში.

კოალიცია წლებია, გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში არსებული არაორდინარული ვითარების გამო, რაც გულისხმობს სისტემის მართვის ყველა ადმინისტრაციული ბერკეტის მოქცევას პირთა ვიწრო ჯგუფის ხელში, რომელიც გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს და ოფიციალური პროცედურები უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასაფორმებლად გამოიყენება. აღნიშნული უკვე მრავალგზის დადასტურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო წლებში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებებით. შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლო სისტემაში ყველანაირ რეგულაციურ ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვთ და თვისობრივად ვერ ცვლიან სისტემაში არსებულ მდგომარეობას". – წერია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასახოს წარმოდგენილი რეკომენდაციები დადგენილების პროექტში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ნდობას, როგორც თავად პროცესის, ისე შერჩეული კანდიდატების მიმართ.

კომენტარები