აშშ-რუსეთის ურთიერთობები

საიდუმლო დოკუმენტი რუსეთის აშშ-სთან დაახლოების მცდელობას ასახავს

Reuters

BuzzFeed-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან სამი თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დიპლომატები მიავლინა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის შეთავაზებით.

BuzzFeed-ი მოპოვებული დოკუმენტის დეტალებსაც ავრცელებს, რომლებიც ასახავს, თუ როგორ უნდა აღდგეს რუსეთის მიერ უკრაინასა და სირიაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად გაწყვეტილი ურთიერთობები.

ნაბიჯები მოიცავდა კონსულტაციებს კიბერ უსაფრთხოების სფეროში, სპეციალურ კონსულტაციებს ავღანეთის ომთან, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველ შეხვედრამდე CIA-ს, FBI-ს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელები უნდა შეხვედროდნენ მათ რუს კოლეგებს და განეხილათ საერთო ინტერესის საკითხები. ამასთანავე უნდა დაბრუნებულიყო 2009 წელს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ აღდგენილი დიპლომატიური და სამხედრო არხები.

დოკუმენტის მიხედვით პირველი ნაბიჯები ამ მხირვ დაუყოვნებლივ უნდა გადადგმულიყო და, შესაბამისად, შემოთავაზებული შეხვედრები მაისამდე უნდა ჩატარებულიყო.

დღევანდელი მდგომარეობით ცხადია, რომ აშშ-ს მთავრობას შემოთავაზება არ მიუღია და თუ გავითვალისწინებთ რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გამოძევებას და აშშ-ის მიერ რუსული საკონსულოს დახურვას, მსგავსი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან მოსალოდნელი არც არის. სავაჭრო და საინვესტიციო კოოპერაციის ნაცვლად კონგრესმა რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა და მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან კიბერ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა, მალევე შეცვალა დამოკიდებულება და Tweeter-ზე დაწერა: "ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და მე ვისაუბრეთ კიბერ უსაფრთხოების დანაყოფზე არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი აზრით ეს მოხდება. ეს ვერ მოხდება."

სააგენტოს ცნობით ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ ამბობენ ვინ მიიტანა დოკუმენტი, თუმცა მის ავთენტურობას არ უაყოფენ. მათი თქმით ისინი მზად არიან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, თუმცა რუსულ მხარეს განუცხადეს, რომ "ნორმალიზაციის გზა უკრაინაზე გადის". შეკითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა შეჰქმნოდა რუსულ მხარეს წარმოდგენა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა მედიის როლზე მიუთითა და განაცხადა რომ ხშირად მათი ცნობები ტრამპის შესახებ შეცდომაში შემყვანია და შესაძლოა ამან უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე ადმინისტრაციის ინიციატივებმა.

რუსული მხარე არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. კრემლის წარმომადგენლის თქმით მათ მართლაც მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობის ნორმალიზაციის წინადადებით თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას მათი შემოთავაზება არ გაუზიარებია.

"დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ამერიკელებს მსგავსი შეთავაზებით სხვადასხვა ფორმატში. მოსკოვი მუდმივად მხარს უჭერს დიალოგის აღდგენას, პოზიციების გაზიარებას და პრობლემების ერთობლივად გადაჭრას, თუმცა სამწუხაროდ (აშშ-ის მხრიდან) ჩვენი მცდელობის გაზიარება არ მომხდარა."- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს BuzzFeed-ის სტატიასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში. კითხვაზე მიაწოდა თუ არა ეს დოკუმენტი თეთრ სახლს რუსეთის საელჩომ მან განაცხადა, რომ დოკუმენტის გადაცემა "დიპლომატიური არხების" მეშვეობით მოხდა და დაამატა, რომ რომ კომუნიკაცია ამ საკითხზე ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის მიწოდების გარდა სხვა დიპლომატიური არხებითაც შედგა და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიპლომატიურ საქმიანობაში.

კომენტარები