აშშ-რუსეთის ურთიერთობები

სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქცების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა ევროპაში მდებარე რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების ახალი პროექტი დაარეგისტრირა. 

ამის შესახებ ინფორმაცია კანონპროექტის ერთერთი ინიციატორის, ჯონ ბარასოს, ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც პროექტშია ნათქვამი, საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრში ორპარტიული თანხმობა არსებობს და პროექტის მიზანია ხელი შეუშალოს, შეუძლებელი გახადოს რუსული გაზსადენის მშენებლობის დასრულება.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება. 

ვაიომინგის სენატორ ბარასოსთან ერთად, პროექტის ინიციატორია კიდევ ერთი რესპუბლიკელი ტედ კრუზი, რომელმაც 16 მაისს, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, საქართველოს მთავრობის არამეგობრული მოქმედებების შესახებ სპეციალური წერილით სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, მიმართა.

სანქციების ახალი პროექტის მიხედვით, Nord Stream 2-ის მშენებლობაში ჩართული ნებისმიერი პირი "დამანგრეველი და დაუყოვნებლივი ამერიკული სანქციების ობიექტი გახდება". 

ტედ კრუზის თქმით, გაზპრომის ახალი გაზსადენი ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეებს შეიცავს და მილსადენის მშენებლობა არ უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი ასევე ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი კონგრესის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ცდილობს.

პროექტის მესამე ინიციატორად კი დემოკრატიული პარტიის წევრია დასახელებული, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის, მოადგილეა. ბოლო თვეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში რამდენიმე კრიტიკული წერილის ავტორები არიან. 

ჯინ შაჰინის თქმით, მილსადენი უკრაინისა და ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას ემუქრება და პროექტის დასრულება რუსეთს აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების ექსპლუატირების საშუალებას მისცემს. 

ჯინ შაჰინმა კონგრესმენებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ მიიღონ მკვეთრი ზომები და წინ აღუდგნენ გაზსადენის მშენებლობას. 

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მა გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა, განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1 224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები