აზარტული თამაშები

საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის ზომა 4.3 მილიარდი ლარია


ფოტო: Reuters

აზარტული თამაშები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ინტერნეტისა და სმარტფონების გავრცელების ფონზე აზარტულ თამაშებთან მოსახლეობის წვდომა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გაზრდილ ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად სექტორის ზრდას ტურისტების დიდი მაჩვენებელიც უწყობს ხელს.

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა აზარტული თამაშების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ტოტალიზატორებზე მაღალი ბრუნვა კაზინოებს აქვთ.

ყველაზე დიდი 76%-იანი ზრდა სათამაშო ბიზნესს 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ინდუსტრიის ზომამ 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 138 ბიზნესია რეგისტრირებული, რომელიც აზარტული თამაშების ორგანიზებითაა დაკავებული. ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6.5 ათასია.

სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია, თუმცა მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის გაზრდილ გადასახადებს უკავშირდება.

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილებები, რომელსაც სათამაშო ინდუსტრია თავის დროზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გაზრდილი მოსაკრებლების პირობებში 2017 წლის პირველ ნახევარში სათამაშო ბიზნესი უკვე 145 მილიონი ლარით დაიბეგრა, ეს 2016 წლის სრულ მაჩვენებლებს 33%-ით აღემატება. 

სათამაშო ბიზნესი სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით უფრო მეტი ტიპის გადასახადით იბეგრება, ესენია: 

  • სანებართვო მოსაკრებლები - 17.6 მილიონი ლარი (2017წ. პირველი ნახევარი)
  • სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 61.2 მილიონი ლარი
  • საშემოსავლო გადასახადი - 18 მილიონი ლარი
  • მოგების გადასახადი - 38 მილიონი ლარი
  • დღგ - 5.7 მილიონი ლარი
  • აქციზი - 2.6 მილიონი ლარი
  • სხვა - 4 მილიონი ლარი

სათამაშო სექტორის ზრდას ხელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაზრდილი ტურისტული ნაკადიც უწყობს ხელს. ამ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია, რის გამოც ვიზიტორთა ნაწილი საქართველოს ტურისტულ ცენტრებში მდებარე კაზინოებს სტუმრობს.

კომენტარები