ტერორიზმი

დონალდ ტრამპი: ქრისტიანთა უმოწყალო სასაკლაო უნდა დასრულდეს

Reuters

დონალდ ტრამპმა ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ქვეყანაში "ქრისტიანთა უმოწყალო სასაკლაო უნდა დასრულდეს". ტრამპის თქმით, ცივილიზებულ სამყაროსა და ტერორისტებს შორის ომი მიმდინარეობს, რაც აუცილებლად "ბოროტებების დამარცხებით დასრულდება".

"ქრისტიანთა ეს შეუბრალებელი სასაკლაო თვალზე ცრემლს გვგვრის და ჩვენს სულს უდიდესი მწუხარებით აღავსებს. თუმცა ეს თავდასხმა ჩვენ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გვიბიძგებს უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ ტერორის წინააღმდეგ", - ამბობს ტრამპი.

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების ავტობუსზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი ერთმა ადამიანმა გაუხსნა.

თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან 220 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმიდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ თვეებში, ეგვიპტეში, კოპტ ქრისტიანებზე მომხდარი თავდასხმების უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა. ISIS-ის ბოლო მასშტაბური შეტევა კოფტებზე აღდგომის წინა კვირას მოხდა, როდესაც მათ კოპტების ეკლესიებზე განახორციელეს შეტევა.

კომენტარები