უბედური შემთხვევა

მთავრობა: შესაბამისი უწყებები მუშაობენ, რომ მალე შესრულდეს სამაშველო სამუშაოები

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაცია მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები მუშაობენ, რომ მალე შესრულდეს სამაშველო სამუშაოები.

"ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული",-წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

ტყიბულში მინდელის მაღაროში 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამსახურში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები