საკონსტიტუციო ცვლილებები

კაპანაძე: ოცნების შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მქონე სხვა ქვეყანა არ არსებობს

ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები შეკრებილებს გააცნო და მის დადებით მხარეებზე ისაუბრა. განხილვაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

განხილვაზე სიტყვით გამოვიდა "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, იცის, რომ დარბაზში ძირითადად ქართული ოცნების აქტივისტები და მუნიციპალიტეტში დასაქმებულები იმყოფებიან, თუმცა, მან მათ მაინც მოსმენისკენ მოუწოდა.

"აქ იყო საუბარი, რომ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არის დემოკრატიული, უკეთესი, ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული და ა.შ. აქ ითქვა, რომ ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ კარგი წარმოდგენა მოსახლეობის მათემატიკურ შესაძლებლობებზეო. მე მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა თქვენს მათემტიკურ შესაძლებლობებზე, ამიტომ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ და გთხოვთ, რამდენიმე წუთით გამომყვეთ ამ მაგალითში.

წარმოიდგინეთ არჩევნები, რომლის შედეგად 5%-იან ბარიერს ლახავს მხოლოდ 4 სუბიექტი, პარტია A, პარტია B, პარტია C და პარტია D.

წარმოიდგინეთ, რომ ამ სუბიექტებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ნაწილდება შემდეგნაირად, პირველი პარტია იღებს ხმების 20%-ს, მეორე იღებს ამ პარტიაზე 1 ხმით ნაკლებს, მესამე პარტია იღებს ხმების 9%-ს, მეოთხე ხმების 5-ზე მეტ პროცენტს და ლახავს ბარიერს.

პირველი პარტია მეორეს სჯობნის 1 ხმით მხოლოდ. წარმოიდგინეთ, მეორე, მესამე და მეოთხე პარტიები ამბობენ, რომ აპირებენ, შექმნან კოალიცია და ახალი მთავრობა. იცით თუ არა თქვენ, რომ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემით პირველი პარტია მიიღებს, ბონუს 71 ხმას და დააგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ დღევანდელი ხელისუფლება. გაგიკვირდათ, ხო? არ მოგეწონათ? ესაა რეალობა. ამიტომ ხშირად ვამბობთ, რომ ესაა მუსოლინის მსგავსი საარჩევნო სისტემა. მესმის, შეიძლება, არ მოგეწონოთ, რომ თქვენ მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ ასეთი სისტემა შემოგთავაზათ.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, ოდიოზურმა პოლიტიკურმა პროპუსულმა ძალამ რომ მიიღოს უმრავლესობა, ნუთუ თქენ გინდათ, ეს საკითხი იყოს გატანილი?", - მიმართა კაპანაძემ დამსწრეებს, თუმცა, მის საუბარს ხმაური მოჰყვა.


ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კაპანაძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"მესმის, რომ აქ მყოფი საზოგადოების ნაწილს აზრს ვერ შევაცვლევინებ, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ჩავატაროთ პლებისციტი, ვკითხოთ ხალხს. ნუთუ ასეთი რთული რამეა ეს", - თქვა კაპანაძემ.

ამის შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ "ეს ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო მოდელია ჩვენს რეალობაში." მან ასევე გაიხსენა ევროპის ქვეყნები, სადაც მსგავსი საარჩევნო სისტემაა. კობახიძეს კვლავ კაპანაძემ უპასუხა.

"ბატონი ირაკლი არის მართალი, როდესაც ამბობს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არის 5%-იანი ბარიერი. მან კარგად იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პირველი პარტია იღებს ბარიერვერგადალახული პარტიების ხმებს, 5%-იანი სისტემა არ არსებობს. ეს მან ძალიან კარგად იცის. ორივე შემთხვევაში, საბერძნეთშიც და იტალიაშიც, ბარიერი არის 3%. ისეთი ქვეყანა, სადაც ბარიერი 5%-ია და გამარჯვებულს მიაქვს ყველა ბარიერგადაულახავის ხმა, არ არსებობს", - თქვა კაპანაძემ.

კომენტარები