ფარული მოსმენები

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც პარტიის დეპუტატი, გიორგი ტუღუში ამბობს, მათი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების რეალური დაცვაა.

"ევროპულმა საქართველომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, გადაწყვიტა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, სადაც მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად ცნონ ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ სარჩელის შეტანას, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, ევროპულმა საქართველომ იმუშავა და მოამზადა შესაბამისი საპარლამენტო სარჩელი. ამის მიზეზი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ, რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღებისთვის, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართულმა ოცნებამ არანაირად არ გაითვალისწინა არც სხვა პოლიტიკური პარტიების, არც საპარლამენტო უმცირესობის, არც არასამთავრობო სექტორის შენიშვნები, ასევე მათ უტიფრად გადაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და რეალურად მიიღეს უფლება დამრღვევი კანონი, რომელიც შევიდა ძალაში. შესაბამისად, ევროპული საქართველოს უმთავრესი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მოქალაქეებმა იგრძნონ თავი დაცულად, ნაცვლად სუს-ის გაძლიერებული უფლებამოსილებისა, რაც დღეს მივიღეთ", - ამბობს ტუღუში.

გიორგი ტუღუშის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და მოსმენების ბერკეტი კვლავ სუს-ის ხელში რჩება, რომელიც ამ უფლებამოსილებას პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

"ჩვენ მიზანია, მივიღოთ თითოეული უფლებადაცული მოქალაქე. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში ცალსახად გაუსვა ხაზი იმას, რომ მოსმენებს არ უნდა ახორციელებდეს ის ორგანო, რომელსაც უშუალოდ აქვს დაინტერესება, აწარმოებს გამოძიებას. დღეს უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი, ფაქტობრივად, უცვლელს ტოვებს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო ამ კანონის მიღებამდე, გარდა ამისა, დამატებით უფლებებს სძენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უხეშად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და ამას ძალიან ხშირად იყენებს სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ", - თქვა ტუღუშმა.

კომენტარები