პანორამა თბილისი

ენმ ივანიშვილს თაბორის მთაზე ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს. პარტიის თბილისის საკრებულოს დეპუტატების თქმით, თბილისში, თაბორის მთაზე, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიზნესინტერესებს ათეულობით ხე ეწირება.

ენმ-ის ინფორმაციით, ივანიშვილს ევალებოდა ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების შენარჩუნება და განვითარება, ამის ნაცვლად კი "ხდება ხეების ხელოვნური გახმობა შემდგომში მათი მოჭრის მიზნით". პარტიის წევრებმა ჟურნალისტებს ინფორმაციის დასადასტურებლად თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი წერილი წარუდგინეს.

"თუ დასავლეთ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია ხეების გლეჯვით და საკუთარ ეზოში გადარგვით, თბილისში ის დაკავებულია ხეების ფაქტობრივად ხელოვნურად გახმობით და შემდეგ ამ ხეების ჭრით. მისი ეს გართობა უკავშირდება ბუნების გაჩანაგებას და თბილისში, რომელიც უკვე ისედაც არის პრობლემური გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს მასიურად ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების შენარჩუნება, დავით ნარმანია ვერ უწევს წინააღმდეგობას მის სურვილებს და ხუშტურებს", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე.

"თბილისი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ამას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ საქმის კვლევით. მაგრამ, შეაყარე კედელს ცერცვი, ხელისუფლება არის ბრმა და ყრუ, ხელისუფლება არის მოტივირებული მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის გართობის ხარისხი არ დაეცეს, მისი ხუშტურების შესრულებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნას", - უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ის კიდევ ერთმა დეპუტატმა, მარიკა დათუკიშვილმა.

ბრალდებებს გამოეხმაურა თბილისის მერი. დავით ნარმანიას თქმით, უნდა "დავაცადოთ ინვესტორს".

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება შემდგომში ჩვენი ქალაქისთვის. ასე რომ, ხელოვნურად ამ საკითხთან დაკავშირებით პედალირება და თემის წამოწევა ჩემი აზრით არ არის აქტუალური. დავაცადოთ ინვესტორს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განახორციელოს და გამწვანების თავლსაზრისითაც ძალიან კარგი სარეკრეაციო სივრცე კეთდება", - ამბობს ნარმანია.

ენმ ითხოვს, ჟურნალისტებს, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მიეცეთ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა, რათა დადგინდეს, რა მდგომარეობაა იქ ამჟამად და რამდენი ხე მოიჭრა ან დაზიანდა ხელოვნურად.


ფოტო: ენმ

კომენტარები