12 მარტს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
"12 მარტს 2 საათზე მთელს საქართველოს, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, შევიკრიბოთ რუსთაველ გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ.
იქნებიან რუსთავი 2-ის სახეები, გაიმართება საპროტესტო აქცია-კონცერტი, იქნებიან პოლიტიკური ძალებიც - ვხედავთ, რომ პოლიტიკური სტერილურობით ეს პროცესი ვერ განვითარდება. ამიტომ, სრულ უფლებას ვანიჭებთ პოლიტიკურ ძალებს, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს აქციებში, მიმართონ საკუთარ ამომრჩეველს და მოითხოვონ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თავისუფალი მედიის მდგრადობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, დემოკრატიის მდგრადობას და არ გადახვევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.
ყველას მოვუწოდებ, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროინტეგრაციის და კანონიერების გზაზე", - ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, ძალაში რჩება ქიბარ ხალვაშისთვის შეთავაზებული წინადადება არხის კოლექტივისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.





