რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა

დავით დვალი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა და თქვა, რომ ეს მათთვის გამაოგნებელია.

"ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდით, გასაგებია ჩვენს ქვეყანაში როგორი სასამართლო ააშენა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა და მოლოდინი გვქონდა, რომ მაინცდამაინც არ იქნებოდა საჩვენო, თუმცა იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა, იმიტომ რომ ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება, ჩვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტაცია და ზუსტად მანდ იყო, რომ ქიბარ ხალვაში არის არაკეთილსინდისიერი შემძენი და სასამართლომ, მოსამართლის სახით და საერთოდ - ამ სისტემამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არ მაინტერესებს თქვენი არგუმენტები", - თქვა დვალმა.

რუსთავი 2 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

2019 წლის 30 ივლისს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი თქვეს. მათი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ 2004 წელს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანიის წილი. იმავე წელს გახდა ხალვაში მფლობელი, რომელიც ასევე აცხადებს რომ მას იძულებით შეაძენინეს წილი და შემდეგ იძულებით დაათმობინეს 2006 წელს. 

ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა "რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვას" ედავება.

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანია "ინტერ მედია პლუსთან" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

კომენტარები